2026-09-29
3 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ გადაცემის ცერემონია გაიმართება.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივის - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - შემაჯამებელი ღონისძიებაა. მისი მიზანია იმ მასწავლებლებისა და პროექტების აღმოჩენა და პროფესიული აღიარება, რომლებიც საკუთარ საქმიანობას რეალურ და მდგრად ცვლილებად აქცევენ.
ჯილდო მხოლოდ „საუკეთესო მასწავლებლის“ გამოვლენას არ ემსახურება. კონკურსი ყურადღებას ამახვილებს გავლენაზე - ინიციატივებზე, რომლებმაც გააუმჯობესა მოსწავლეების გამოცდილება და განვითარება, სკოლის კულტურა და სწავლების ხარისხი, გააძლიერა კოლეგები ან ხელი შეუწყო თემის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებს სპეციალური ჟიური აფასებს და სამ გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს. გამარჯვებულ მასწავლებლებს გადაეცემათ ფულადი პრემია, „მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ და სპეციალური საჩუქრები.
თავის რჩეულს გამოავლენს კონკურსის ცოდნის პარტნიორი „ბიბლუსიც“. ჟიურის რეკომედაციაზე დაყრდნობით დასახელდება ის პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ცოდნისა და კითხვის კულტურის განვითარებას, პროექტის ავტორი მასწავლებლის სკოლას ბიბლუსი სრულად განუახლებს ბიბლიოთეკას.
3 ოქტომბრის ცერემონია კონკურსის მონაწილეებს, ჟიურის წევრებსა და პროექტის მხარდამჭერებს გააერთიანებს. ეს იქნება დღე, როდესაც გამოვავლენთ იმ პროექტებს, რომლებმაც უკვე შექმნეს ცვლილება და პროფესიულად აღვნიშნავთ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ცვლილების ავტორები არიან.
ყველაფერი იწყება მასწავლებლით.